შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.
სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მოადგილე დღეს, აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
პეტრე კანკავა დაიბადა 1977 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1999 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება.
2015 – 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, 2010-2015 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში წამყვან თანამდებობაზე, 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2005– 2009 წლებში კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და დროებითი რწმუნებული, ხოლო 2004 - 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000 - 2004 წლებში ქალაქ ათენში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ატაშედ, 1999 – 2000 წლებში კი საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტად.