შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში „უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ადენაუერის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.
სახელმწიფო მინისტრმა დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლებისა და გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვის ფაქტებზე.
ქეთევან ციხელაშვილმა ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ხდება ისეთი ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებაც კი, როგორიცაა დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების რეალიზება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად სამშვიდობო პოლიტიკას განიხილავს, რომლის მიზანიც მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და ეს პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
სახელმწიფო მინისტრს შეფასებით, 2008 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით რეალურად ექსკლუზიური კონტროლი მოიპოვა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროზე, თუმცა, აფხაზური საზოგადოება უკვე აცნობიერებს რუსიფიკაციის საფრთხეებს და ხვდება, რომ მათ იდენტობას სერიოზული საფრთე ემუქრება.
კონფერენციაზე ასევე, ნაჩვენები იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების ცხოვრებას ასახავს.