შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრი ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, როცა რამდენიმე მეტრში საოკუპაციო ხაზი გადის, ასეთი კულტურული ღონისძიებების ჩატარება კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს.
„ეს არის განსაკუთრებული ფესტივალი, რადგან სულ რამდენიმე მეტრში დგანან საოკუპაციო ჯარები, გავლებულია მავთულხლართები, რაც 2008 წლის შემდეგ სამწუხარო რეალობაა. ნიქოზის მსგავსად ძალიან ბევრი სოფელში ათასობით ოჯახს ეხება მავთულხლართებია. ამიტომ, ეს განგრძობითი ოკუპაცია ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე, ყოველდღიური გამოწვევაა. დღეს, ის რაც ხდება აქ არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის. ადამიანების დაშორიშორების ამ მახინჯ ფორმებს, რაც დიდი გამოწვევაა ხელოვნური ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩვენ ვუპირისპირდებით განვითარებით, თავისუფლებით, შემოქმედებით, კრიატიულობით, მეტი მიმზიდველობით და ისეთი კულტურული ღონისძიებით, როგორიც ეს საერთაშორისო ფესტივალია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს და მეუფე ისაიას მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
დღესვე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც შეხვდა. ანიმაციური ფილმების ფესტივალი 1 სექტემბერს დაიწყო და დღეს საზეიმოდ დაიხურა.