გალში IPRM-ს მორიგი შეხვედრა გაიმართა

9 სექტემბერი 2016

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 39-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან, მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჟი-ოღლის დაკავება და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა მოითხოვეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2012 წელს ოკუპირებული გალის რაიონში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებს, მათ შორის საერთაშორისო მედიატორებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კვლავ დააყენეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას საკითხი და მოითხოვეს მისი უმოკლეს ვადაში გათავისუფლება.
შეხევდრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზს მიღმა დაფიქსირებულ ყველა იმ ინციდენტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართება.