შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური სხდომა გაიმართა

13 სექტემბერი 2016

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თემატური სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, გახსნა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა დღევანდელ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული და დაგეგმილი სიახლეები გაგვაცნო. ჩვენთვის პრიორიტეტულია: პირველი - ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ადგილობრივი მედიის საშუალებით საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე. მეორე - არსებობდეს სივრცე, სადაც შეიძლება ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და წარმოჩენა და მესამე - კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ურთიერთპატივისცემის განცდა და გარემო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა პირობითად, უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი თუ უმცირესობას თანასწორად იგრძნონ თავი საქართველოში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე კომისიის წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ ენებზე მაუწყებლობის მთავარმა პროდიუსერმა ნინო ხიდაშელმა სიახლეები გააცნო. კერძოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 22 აგვისტოდან დაიწყო ახალი ამბების გაშუქება აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე, ასევე 18:00 და 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ახალი, ხუთენოვანი ვებ-გვერდი, სადაც ინფორმაცია აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე განთავსდება.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.