ქეთევან ციხელაშვილმა აზერბაიჯანულ და სომხურენოვან საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, აზერბაიჯანულ და სომხურენოვან საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

სახელმწიფო მინისტრი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში, აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლაში და სოფელ წითელსოფელში, სომხურენოვან საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოგილოცავთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ვისთვისაც ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა ყველას გისურვოთ წარმატება და გთხოვოთ, რომ ისწავლოთ ძალიან კარგად. ცოდნა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ ვერასდროს წაგართმევთ. აუცილებლად გამოგადგებათ ეს სიმდიდრე მომავლში წარმატებისთვის რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ. მიხარია, რომ ყველა მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ის, სიამაყით ატარებს თავის იდენტობას, კულტურულ ტრადიციებს და ამავე დროს არის საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, მშობლიურ ენასთან ერთად სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას, რომ ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩაერთოს.