შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
„პატივი მინდა მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას. დღეს ძალიან მძიმე დღეა. ჩვენ ყველანი ამ ბიჭების ჭირისუფლები ვართ, მათი ოჯახის წევრებთან ერთად. რა დროც არ უნდა გავიდეს ეს ისეთი ტკივილია, რომელიც არასდროს განელდება. ერთადერთი მცირე ნუგეში ის არის, რომ დღეიდან მათ ოჯახებს და ყველა ჩვენგანს ეცოდინება სად არის ამ გმირი ბიჭების საფლავები. მათი იდენტიფიცირება და გადმოსვენება მოხერხდა იმ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროცესის ფარგლებში, რაც ბოლო წლებია მიმდინარეობს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, საერთაშორისო წითელი ჯვრის მეშვეობით.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ იმ მიზანს - საქართველოს ერთიანობას, რომელსაც მათი სიცოცხლე შეეწირა, მივაღწიოთ მხოლოდ მშვიდობით და მშვიდობიანი გზით, რომ არასდროს აღარ დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება“, - განაცხადა ქეთევან ცხიელაშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიალზე.
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ამ დრომდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.