პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ქეთევან ციხელაშვილმა მათ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სტრატეგიის მთავარი პრინციპი სწორედ თანასწორობაა. „ საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, არის თანასწორი, თანაბრად უნდა ჰქონდეს ყველა სფეროში ჩართულობის შესაძლებლობა და ეს სტრატეგია სწორედ ამ შესაძლებლობების შექმნას ემსახურება,“- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. ადგილობრივებმა პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება, რაც განსაკუთრებით მნიშველოვანია ახალგაზრდებისთვის. მსჯელობა შეეხო სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლებას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას. ასევე განხილული იქნა პანკისის უნიკალური პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის. „დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ და მოხარული ვარ, რომ ხეობაში მიმდინარე პროექტების, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ თავად ადგილობრივებმა ისაუბრეს. ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებაც და ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა, მათი გულწრფელობა და მონდომება გვაძლევს მეტ სტიმულს, ამ გამოწვევების დასაძლევად კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავოთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა საქართველოს გაეროს ასოციციის მხარდაჭერით გაიმართა.