შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალური მდივანს მიხაელ ლინჰარტს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე კონფლიქტების მოგვარების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის კონტექსტში ავსტრიის როლზე.
როგორც შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნდობის მშენებლობას, ხალხთა შორის კონტაქტისა და დიალოგის წახალისებას, პარტნიორების მხარდაჭერას ომით გახლეჩილი საზოგადოებების შერიგების პროცესისადმი, ამასთან ერთად, ეუთოს ჩართულობას ჟენევის ფორმატში. მისივე განცხადებით, საქართველოს დეოკუპაციის ძალისხმევის მხარდაჭერა არის ის ფართო განზომილება, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და შესაბამისად, მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის წინაპირობაა.
მიხაელ ლინჰარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით ეუთოს გააქტიურებას დაუჭერს მხარს.
საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, 22 სექტემბერს გაიმართა.