შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ბაღის შენობა სახელმწიფო მინისტრმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გახსნეს.
ქეთევან ციხელაშვილმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და აღმზრდელებს წარმატებები უსურვა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს. დღეიდან პატარები ამ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში გაატარებენ დღეს. მომავალი თაობის აღზრდაზე და განათლებაზე ზრუნვა და ამგვარი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოახდინოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე. დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში გაზი შეყვანილია 58 სოფელში, 20 სოფელში მოეწყო ამბულატორია, დიდწილად მოგვარდა საირიგაციო და სასმელი წყლის პრობლემა, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეშისთვის მოსახლეობას 200 ლარიანი ვაუჩერი დაურიგდა, მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა, მოგვარდა მოსწავლეების ტრანსპორტირების პრობლემა, ამ სოფლებში მცხოვრები ყველა სტუდენტის სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, მოსახლეობას გადაეცა აგრობარათები. ეს ყველაფერი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნა ბავშვებს და პედაგოგებს დავით ონიაშვილმაც მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
სოფელ ახალუბნის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოთხი სოფლის - ახალუბნის, ჯარიაშენის, აძვისა და მუმლაანთკარის აღსაზრდელებს მოემსახურება. შენობის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა.