შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პოლიტიკასა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი ამოცანებია მშვიდობის უზრუნველყოფა, დეოკუპაცია და შერიგება. ერთიან ევროპულ საქართველოში თანაცხოვრება ჩვენი საბოლოო მიზანია და ამ მიზანს მივაღწევთ სწორედ შერიგებით, ხიდების მშენებლობით, ნდობის აღდგენით და საერთო ინტერესებზე ფოკუსირებით. ამის პარალელურად, ცხადია, გრძელდება დეოკუპაციის პოლიტიკა პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი გზებით. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთლიანად ქვეყნის განვითარების პერსპექტივებისთვის, არამედ სამშვიდობო პოლიტიკისთვისაც. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ საქართველო მთლიანად გახდეს უფრო მიმზიდველი და შესთავაზოს უკეთესი მომავლის პერსპექტივა ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ სამუშაოებზე, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელდა.
„კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე. თქვენს შორისაც არიან სტუდენტები ამ სოფლებიდან, რომლებსაც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას სრულად უფინანსებს. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა არა მხოლოდ განათლების მიმართულებით, არამედ მოხერხდა ყველა სოფლის გაზიფიცირება, მოწესრიგდა საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემები, განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.