შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა ადამიანის უფლებათა ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. ექსპერტი საქართველოში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის -კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) და ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მოწვევით იმყოფება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით ფეიქრიშვილი და UNDP-ის წარმომადგენელი ქეთევან მეზვრიშვილი.
მეგი ნიკოლსონს ინფორმაცია მოაწოდეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის სამუშაოები, რომლებიც გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.
საუბარი, ასევე, შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, გადაადგილების თავისუფლების და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას სრულად სთავაზობს იმ სიკეთეებსა და სარგებელს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარეობს.
მეგი ნიკოლსონი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა საკითხების ექსპერტის, თომას ჰამარბერგის რეკომენდაციით, შეიმუშავებს ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ - ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჭრილში.