შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ლიდიცეს ბავშვთა სახვითი ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო გამოფენის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
წლევანდელ კონკურსში საქართველოდან სამმა მონაწილემ გაიმარჯვა. ერთ-ერთი გამარჯვებული მართა წულაია აფხაზეთიდან დევნილია.
ქეთევან ციხელაშვილმა გამარჯვებულებს მიულოცა.
„გილოცავთ ამ გამარჯვებას, ვამაყობთ თქვენით და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული მართა წულაია აფხაზეთიდან დევნილია. სწორედ ხელოვნება, სიყვარულია გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ ჩვენი მშვიდობიანი მომავლისკენ. ასევე მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე - აფხაზური ენის დღე. ეს დღე და ეს ღირებულება - აფხაზური ენა ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ლიდიცეს გამოფენა 1967 წელს დაარსდა ჩეხეთის სოოფელ ლიდიცეში ნაცისტების მიერ მოკლული ბავშვების, ასევე ომების მსწვერპლი ყველა ბავშვის ხსოვნის უკვდავსაყოფად. ფესტივალი საერაშორისო 1973 წელს გახდა და მასში მონაწილეობენ ბავშვები და მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან.