შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე წარსდგა. მან სახელმწიფო მინისტრის აპარატის გეგმებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების წევრებს მიაწოდა.
ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორ მიმართულობაზე - კონფლიქტების მოგვარებასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ისაუბრა.
„საქართველოს ხელისუფლების ამოცანა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიული ხაზია, განხორციელდეს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მთავარი ამოცანა - ქვეყნის გაერთიანება, პირველ რიგში გულისხმობს ჩვენი ხალხის - კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების დაახლოებას და გაერთიანებას. ეს ამოცანა თავის მხრივ უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ყველა ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები. სწორედ ასეთ სახელმწიფოდ ყალიბდება დღეს საქართველო“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან მთავარ ამოცანებად მშვიდობის შენარჩუნება და უზრუნველყოფა, რუსეთთან მიმართებაში დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი და შერიგების პოლიტიკა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში ჩართულობის მეტი შესაძლებლობის, საერთაშირისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობიდან გამომდინარე სარგებლის შეთავაზება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ამოცანის ირგვლივ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება დაასახელა.
სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით კი სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და ასევე, გავლენა აქვს კონფლიქტის მოგვარების პროცესზე.
„ეს არის ჩვენი გზავნილი აფხაზური და ოსური საზოგადოებებისათვის, თუ როგორ საზოგადოებას ვაშენებთ და როგორ მომავალ ვთავაზობთ მათ. სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს ახალი სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მთავარი პრიორიტეტებია, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, საქართველოში თავს გრძნობდეს თანასწორად, სრულფასოვნად ჩართულად ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სფეროში. ყველას უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, გაუმჯობესდეს წვდომა მედიასა და ინფორმაციაზე, მეტი ყურადღება დაეთმოს მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს. ახალ სტრატეგიაში ასევე, შემოვიტანეთ გენდერული მეინსტრიმინგი,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.