შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. ქეთევან ციხელაშვილი ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა. ბერლინში სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე პოლიტიკოსი, მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტი და ჟურნალისტია შეკრებილი. ყოველწლიური ფორუმის მთავარი თემები წელს გერმანიის და ევროპის საგარეო პოლიტიკა, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა, რუსეთის შიდა მდგომარეობა, არჩევნების შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებია.
ვიზიტის ფარგლებში ქეთევან ციხელაშვილი ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს. სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ჰაინრიხ ბოელის ფონდის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვალტერ კაუფმანს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეუთო-ს სამუშაო შტაბის ხელმძღვანელთან ანტიე ლეენდერცესთან, ფედერალური კანცლერის სამსახურის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და გლობალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ იოახიმ ბერტელესთან.