ბრიუსელში საქართველოში არსებული კონფლიქტების თემაზე იმსჯელეს
2 დეკემბერი 2016
ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. შეხვედრაში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდა. მთავარი თემების შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტის მოგვარების მიზნისადმი. „ჩვენ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხებზე ყოველდღიურად მუშაობს, ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია“, - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით მოქმედი ინსტრუმენტების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობები. „შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით რუსეთი ექსპანსიური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ოკუპირებუო ტერიტორებზე არსებული მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პირობები. თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, გატაცებები და უკანონო დაკავებები საოკუპაციო ხაზზე რეგულარულ პრაქტიკად იქცა. ეს პროცესი სართხის ქვეშ აყენებს ჩვენს მცდელობებს, კავშირი დავამყაროთ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელსაც პირდაპირ შეეხო კონფლიქტი და რომელიც საოკუაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური მედიაციის, ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი.