ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
10 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მოსახლეობას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. ,,საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენი ხელისუფლებისათვის ძირითადი ღირებულება ადამიანია და ყველა მიმართულებით პოლიტიკის წარმატებულობის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ის არის, თუ რამდენად ემსახურება ჩვენი ძალისხმევა ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას, თანასწორი, ღირსეული, თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას და კეთილდღეობას. ამდენად, ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, საკუთარ სამშობლოში თავი იგრძნოს დაცულად, ღირსეულად და შეძლოს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვა. ამ მიმართულებით უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და წინ კიდევ ბევრი გეგმაა. თუმცა, დღეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილისათვის განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურობის მძიმე გამოწვევაა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს, რაც საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთარ მიწაზე წვდომის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პრობლემებს უკავშირდება. მე მინდა დღეს სწორედ მათ დავუთმო განსაკუთრებული ყურადღება და აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ მათი უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.