შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „თსუ ახალგაზრდულ ცენტრში“ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე ცენტრის ერთი წლის მუშაობა შეაჯამეს.
ღონისძიებაში პროგრამაში „1+4“ ჩართული სტუდენტები მონაწილეობდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა მათ პროგრამაში მონაწილეობა მიულოცა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართულებები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი, მრავალკულტურული სამშობლო და ჩვენი ამოცანაა, ეს მრავალფეროვნება მართლაც ჩვენს სიმდიდრედ და განვითარების წყაროდ ვაქციოთ. აქვე მდებარე, ძველი თბილისის უბანი სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანების ერთად ცხოვრების საუკეთესო მაგალითია. ჩვენ ამ მხრივ მართლაც საუკეთესო ტრადიციები გავქვს და სახელმწიფო ახლაც ქმედით ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება გამოწვევები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისა სახელმწიფო სტრატეგიასა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე და სახელმწიფო ენის შესწავლისა და ფლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.