შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პეტრე კანკავა ქართული მხრიდან აღნიშნული ჯგუფის თანათავმჯდომარეა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით ზალკანიანთან ერთად. აშშ-ს მხრიდან კი თანათავმჯდომარეები არიან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია.
პეტრე კანკავამ ჯგუფის შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ამ რეგიონებთან მიმართებაში ხალხთაშორისი ურთიერთობების და მათი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის განათლების, მათ შორის უცხოეთში განათლების ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პეტრე კანკავამ ასევე ისაუბრა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის დახმარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს წარმომადგენლებს დახმარებისთვის და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის საკითხებისა და ჯანდაცვის სფეროში.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმია. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.