შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო მინისტრი საბავშვო ბაღს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან საქართველოში, სიმონე ვოლკენთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედ ხელმძღვანელთან საქართველოში, შომბი შარპთან ერთად ეწვია.
ქეთევან ციხელაშვილმა აღსაზრდელებს და პედაგოგებს ბაღის გახსნა და გამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც თვიდანვე გამოეხმაურა დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობას და პრიორიტეტებს და გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება გაუწია. ამჯერადაც ჩვენმა პარტნიორებმა პატარებს შეუქმნეს კომფორტული და სასიამოვნო გარემო. მინდა, დამდეგი ახალი წელი მივულოცო ყველა პატარას, განსაკუთრებით გამყოფი ხაზის სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ და ბავშვებს დადევნილი ოჯახებიდან. ვუსურვებ მათ მშვიდობას და ბედნიერ, ლაღ ახალ წელს“ , -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სტუმრებისთვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საახალხწლო ზეიმიც წარმოადგინეს.
სოფელ აბანოს რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლიდან - აბანოდან, საციხურიდან და კოდიდან 24 ბავშვს ემსახურება.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და საჭირო ინვენტარით აღჭურვა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.