ქეთევან ციხელაშვილმა 2016 წლის მუშაობა შეაჯამა

30 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილმა 2016 წლის მუშაობა შეაჯამა.

მან მედიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, სამშვიდობო პროცესისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებით განხორციელებულ სამუშაოზე მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, კიდევ უფრო მეტი და დინამიური ნაბიჯი გადავდგათ სამშვიდობო პროცესში, კონფლიქტის დაშორებული საზოგადოებების დაახლოების, ხალხთა შორის ურთიერთობის წახალისების მიმართულებით. ქვეყნის გაერთიანება - ჩვენი უზენაესი ამოცანა, პირველ რიგში სწორედ ჩვენი ხალხის გაერთიანება და ამავდროულად ევროპული სახელმწიფო მშენებლობაა. ჩვენი მომავალი სწორედ ევროპულ საქართველოშია. ჩვენ საქმიან ნაბიჯებს ვდგამთ იმისაკენ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიიღოს ის სარგებელი, რაც ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით გადადგა.


„ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მოსახლეობის დახმარების მიზნით. რა თქმა უნდა, საჭიროებები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ის, რომ წელს უკვე ყველა სოფელი გაზიფიცირებულია, ვფიქრობ, ამ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე, სახელმწიფო 2016-2017 სასწავლო წელსაც აგრძელებს ამ სოფლებიდან ყველა სტუდენტის სწავლის დაფინანსებას და მათი რაოდენობა 800-მდეა. წესრიგდება საირიგაციო და სასმელი წყლის სიტემები, რაც ამ სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კი მან სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება.

„ბევრი სიახლე დაინერგა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა მშობლიურ ენაზე ხარისხიანი განათლების მიღებაზე. სახელმწიფოს პრიორიტეტი არის და მომდევნო წლების განმავლობაში იქნება ასევე, სახელმწიფო ენის შესწავლისათვის ადექვატური პირობების შექმნა. ჩვენი პოლიტიკის საერთო ლაით-მოტივი არის ის, რომ თითოეული ადამიანის უფლება, იდენტობა უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„იმ მიმართულებებით, რომლებსაც ჩვენი აპარატი კურირებს, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი. მოხარული ვარ, რომ შედგა შეხვედრა ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის საკითხებზე და ეს ანგარიში მედიასთან ერთად მათაც წარვუდგინე. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ რეკომენდაციები და გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.