გალში მორიგი შეხვედრა გაიმართა

24 იანვარი 2017
ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 42-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების, ასევე გადაადგილების თავისუფლების საკითხები განიხილეს. მათ განაცხადეს, რომ გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონის სოფლებიდან ორი გადასასვლელი პუნქტის დახურვა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს და დაბრკოლებებს შეუქმნის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევთ.

გალში მომდევნო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.