შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჟენევაში მონაწილეობა მიიღო ბავშვთა უფლებათა კონვენციის მეოთხე პერიოდული ანგარიშის განხილვაში.
პეტრე კანკავამ კომიტეტის წევრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით ბავშვთა დისკრიმინაციასა და უფლებების დარღვევებზე, კერძოდ, აფხაზეთში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ასევე არასრულწლოვანთა უკანონო დაკავებებზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ტენდენციაზე, რომელიც უკიდურესად გაართულებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათლებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებას.
პეტრე კანკავამ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, სადაც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები მუდმივად აყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი ბავშვების ეთნიკური ნიშნით უფლებების დარღვევის საკითხს და ცდილობს ამ დარღვევების აღმოფხვრას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შერიგების პროცესსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მხარდაჭერისთვის და მომავალში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.