შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღევანდელი დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში - 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამ დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ოკუპაციასთან ბრძოლას და ქვეყნის თავისუფალ მომავალს სიცოცხლე შესწირა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო კვლავ დგას იგივე გამოწვევის წინაშე - როცა მისი ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი ისევ ოკუპირებულია. ასიათასობით ადამიანი საკუთარ სახლებს ჯერაც ვერ უბრუნდება, მოსახლეობა გაყოფილია არიან უხეში ძალით, მავთულხლართებით, ადამიანებს ოკუპაციის მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ხელოვნური ბარიერები და დაბრკოლებები ეწინააღმდეგება ხალხთა ნებას, თავისუფალი სამყაროს ფასეულობებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს. საქართველო არ შეეგუება ამ მოცემულობას. ჩვენ ოკუაციას ვუპირისპირდებით მშვიდობით, განვითარებით, ნდობის აღდგენით, საზოგადოებებს შორის ხიდების მშენებლობით. საქართველო მარტო არ არის ამ ბრძოლაში - ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და აუცილებლად დადგება დღე საქართველოს სრული დეოკუპაციისა. ჩვენი გზა თავისუფალი, ევროპული მომავალია და არა საბჭოთა წარსულში დაბრუნება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.