ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა

1 მარტი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში მარიეტ შურმანს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა მას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, ნდობის აღდგენისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობას, მათ აქტიურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ ამგვარი ჩართულობა და მთლიანობაში ქალთა გააქტიურება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს.