შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად ეწვია.
მან დელეგაციის წევრებს ოკუპაციის პირობებში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„მავთულხლართები და ბარიკადები, რომლის ნაწილი დღეს ჩვენმა პარტნიორებმა ნახეს, დაახლოებით 100 კილომეტრის სიგრძისაა და ორ ოკუპირებულ რეგიონს იზოლაციაში აქცევს. ეს ხელოვნური ბარიერები ჰყოფს ოჯახებს, ისე, როგორც ამ სოფელშია, მათ აღარ აქვთ წვდომა დანარჩენ საქართველოსთან, გარესამყაროსთან. სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დათა ვანიშვილი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო საჭიროებებისთვის გადაადგილებასაც ვერ ახერხებს. მისთვის და იზოლაციაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ყოველდღიურობის გამოწვევაა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციამ ადგილზე ნახა, როგორ გამოწვევებთან და ჰუმანიტარულ პრობლემებთან გვაქვს საქმე, რომ სრულიად შეუთავსებელია ეს მახინჯი მავთულხლართები ცივილიზებული სამყაროს პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების კუთხით, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ჩამოსვლით დელეგაციამ გამოხატა ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.