შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
"ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გაზაფხულის შემოსვლის, დღისა და ღამის გათანაბრების, დედამიწის გამოცოცხლების დღესასწაულს „ნოვრუზ ბაირამს“. გისურვებთ, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების, სიკეთის, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება მისი უმთავრესი სიმდიდრეა და ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მას, სწორედ ეს მრავალფეროვნება გვაძლიერებს და გვაერთიანებს", - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია.
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა.