„მინდა, ყველას მივულოცო ნოვრუზ ბაირამი, ვინც აღნიშნავს ამ დღესასწაულს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში სადღესასწაულო ღონისძიებაზე, რომელშიც მან პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან მიიღო მონაწილეობა.
„ეს არის გაზაფხულის, სიცოცხლის დღესასწაული. მინდა, ყველას ვუსურვო კეთილდღეობა სიკეთე, ბარაქა, მშვიდობა ოჯახებში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე გაიმართა კონცერტი, რომელზეც შესრულდა აზერბაიჯანული და ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები, მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების, აზერბაიჯანული ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა.
21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლისა და გაზაფხულის დადგომის მომასწავებელია.
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი 2010 წლიდან საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა.