„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელი პირების ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ცენტრის სერვისებით სარგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც შეძლებენ.
„ეს სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია უკვე არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის, არამედ ნეიტრალური დოკუმენტის მფლობელთათვისაც, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობენ. ეს არის წარმატებული და საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამა, რომლის საშუალებითაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენ ვზრუნავთ მათზე და იმედი გვაქვს, ამ პროგრამით კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღესვე სახელმწიფო მინისტრმა რუხში მრავალფუნქციური კომპლექსი დაათვალიერა და გამყოფ ხაზზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
„ეს კომპლექსი მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეკონომიკური კონტაქტების წახალისების თვალსაზრისით განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რუხის სავაჭრო ცენტრს. ამ კომპლექსით სარგებლობა და მომსახურების მიღება ყველას უნდა შეეძლოს და მოსახლეობას გადაადგილებისას გამყოფ ხაზზე დაბრკოლებები არ უნდა ექმნებოდეს. გადაადგილების თავისუფლდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ყველა ძალისხმევას ვახორციელებთ, რომ მოსახლეობამ ყოველდღიური, სასიცოცხლო საჭიროებებისთვის მოძრაობა თავისუფლად შეძლოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.