შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემაზე ახალციხეში შეხვედრები გამართა.
მან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან შეხვედრებზე ევროინტეგრაციის პროცესის, მათ შორის უვიზო მიმოსვლის დეტალებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს ხსნის და ამასთან, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ და დაიცვან უვიზოდ გადაადგილების წესები.
„საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ, შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ასპირანტ ქვეყნებსა და არაწევრ შენგენის ქვეყნებში. ამდენად, სწორი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ ამ შეთანხმებას, დავიცვათ უვიზოდ მიმოსვლის წესები,“ - განაცხადა პეტრე კანკავამ.
მან შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა პროექტის – „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.