ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 39-ე რაუნდის შესახებ ისაუბრა

27 მარტი 2017
„ჩვენ, ქართული მხარე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები იყოს ქმედითი და კონსტრუქციული ფორმატი. ქართული დელეგაცია, ახლა, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, აგრძელებს კონსტრუქციულ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ჩართულობას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს გააჩნია მკაფიო ფორმატი, ასევე დღის წესრიგით მონიშნული უმნიშვნელოვანესი უსაფრთხოების და ჰუმანიტარული სკითხები. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხების არსებით განხილვას და იმედია, რუსეთი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ თემებს, რომლებიც არამხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ათასობით ადამიანის ბედს, მათ უსაფრთხოებას და უფლებებს უკავშირდება“, აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 39-ე რაუნდის დაწყებამდე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, დღის წესრიგის თანახმად, აქვს სამი მთავარი მიმართულება: ძალის არგამოყენების ვალდებულება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება საკუთარ სახლებში.
გარდა ამისა, განიხილება ყველა აქტუალური უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხი, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მწვავეა. „ბევრ დარღვევასთან გვაქვს საქმე, ორივე რეგიონში ილახება ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის გამოკვეთილ დისკრიმინაციას აქვს ადგილი. მძიმე დარტყმა იყო აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ბოლო პერიოდში კიდევ ორი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვა, რომელიც იქნება ჟენევის დისკუსიების ამ რაუნდზე ჩვენი დღის წესრიგის ერთერთი საკითხი, ასევე დაკავებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის გადაადგილდეს საკუთარ კარმიდამოში“, აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სახელმწიფო მინისტრის თქმით, „იგი იყო საკმაოდ პროვოკაციული და ცინიკური თავისი ხასიათით. როგორც რუსეთის ქმედებები, რომლებიც არის პროვოკაციული და საფრთხის შემქმნელი არამხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის“.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ოფიციალური თბილისი ჟენევის საერთაშორისო  დისკუსიის საბოტაჟისთვის ემზადება.