მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდი მიღწევა, დიდი შრომის შედეგად მოპოვებული სიკეთე- ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს გახლავთ ნაბიჯი ჩვენს ისტორიულ ოჯახში ინტეგრაციისკენ და სრულიად ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში; ეს არის არამხოლოდ დაბრკოლებების გარეშე გადაადგილება 30 ევროპულ ქვეყანაში, არამედ უკეთესი პერსპექტივა და შანსი ჩვენი განვითარებისთვის.
იმედი მაქვს, საქართველოს თითოეული მოქალაქე მაღალი პასუხისმგებლობით მივუდგებით, ხელისუფლების და მთლიანად საზოგადოების ერთობლივად გაწეულ დიდ შრომას, ჩვენი პარტნიორების მიერ გამოცხადებულ ნდობას და დავიცავთ წესებს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ძალიან ბევრი სიკეთე და პერსპექტივა გვეხსნება.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ტრაგიკული და პარადოქსულია, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ დიდ მიღწევაზე, რაც უვიზო მიმოსვლას, ვიზა ლიბერალიზაციას და ათასობით კილომეტრზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკავშირდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობა ფაქტობრივად მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფება და იზოლირებულია როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ისე მსოფლიოსგან.
მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მათი ბედი, და ჩვენი სურვილია, ის დიდი სიკეთე, რომელითაც უკვე დღეიდან ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და როდესაც მათ არ შეუძლიათ, რამდენიმე მეტრითაც კი გადაადგილდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის, საკუთარ კარმიდამოში, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის პასპორტით ისარგებლონ და უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირში. ეს მათთვისაც არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა, რომელიც დღეს ოკუპაციის პირობებში წართმეული აქვთ.