ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

30 მარტი 2017
გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება ქეთევან ციხელაშვილის სამუშაო ვიზიტი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები გერმანიის სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან: საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოში (DGAP) და ფედერალური კანცლერის აპარატში.
დღეს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩევლის მოადგილეს იოახიმ ბერტელეს, ასევე ნილს ანენს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
შეხვედრების მიზანი იყო გერმანიის ოფიციალური წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოში, კერძოდ მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებების, დაგეგმილი და უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გაცნობა.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრებზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე: ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფუნდამენტური ჰუმანიტარული უფლებების, მათ შორის გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, ასევე რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო დაკავებებზე და სხვა მძიმე პირობებზე, რომელშიც იმყოფება მავთულხლართების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა.
„საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესია სრული მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ გერმანიის სხვადასხვა ოფიციალურ წრეებთან შეხვედრისას. ფედერაციული რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირებს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ, ასევე იმ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ, რასაც მიმართავს საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. გავაცანით ჯანდაცვის და განათლების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კონტაქტების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივები, რომლებიც სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გრძელდება, ხვალ დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ფონდების ხელმღვანელებთან.