შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ცნობადობის ამაღლების, კერძოდ, ქართულ ენაში მოსამზადებელი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის, „1+4“ შესახებ.
პროგრამა განკუთვნილია არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის და გულისხმობს ეროვნული გამოცდებზე ზოგადი უნარების ტესტების მშობლიურ ენაზე (აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული) ჩაბარებას, რის შემდეგაც, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი წლის განმავლობაში შეისწავლონ სახელმწიფო ენა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ არაქართულენოვანი სკოლების მე-11 და მე12 კლასების მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია უმაღლესი განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათებისა და შესაძლებლობების შესახებ,
„ძალიან შედეგიანი შეხვედრები ჩავატარეთ, რაც მთავარია, ახალგაზრდებს შესანიშნავად ესმით, რომ უმაღლესი განათლების მიღება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტისთვის არის კარგი შესაძლებლობა, რათა ისინი გახდნენ წარმატებული თავიანთ პროფესიაში საკუთარ სამშობლოში, მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“, აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
საინფორმაციო შეხვედრები, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწოფო სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 35-მდე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, მასში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციისა და თავდაცვის ეროვნული აკადემიების, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.
ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა, „1+4“, 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში მონაწილეობა 5000-მდე სტუდენტმა მიიღო.