შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე - შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის მიმართულებების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორთან - აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობა. ელჩს გავაცანი როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართულებით ჩვენი მიდგომები, ისე ის ნაბიჯები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სახელმწიფო დგამს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.