შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას დაესწრო.
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიურ სახლის“ დარბაზში გამოფენილი იყო როგორც ხელნაკეთი ნივთები, ისე ფერწერული ნამუშევრები. პეტრე კანკავამ გამოფენაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის ცენტრის სახელოსნო "იალაღის" მიერ საქველმოქმედო მიზნით წარმოდგენილი თექის სააღდგომო კალათა შეიძინა.
„დღეს თავისი შემოქმედება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს. ასევე, გავეცანით ორგანიზაცია „იმედის“ აქტივობებს და მივესალმებით ყველა იმ ნაბიჯს და ღონისძიებას, რომელიც ჩვენი გაყოფილი საზოგადოებების გამთლიანებას და მშვიდობას ემსახურება“, - აღნიშნა პეტრე კანკავამ.
დღევანდელ ღონისძიებაზე აფხაზეთის მეთერთმეტე სკოლის მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერებიც შეასრულეს. ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც მონაწილეობდა.
გამოფენა-გაყიდვა ასოციაცია „იმედის - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ ორგანიზებითა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლი“-ის მხარდაჭერით გაიმართა.