შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების პედაგოგებს სიტყვით მიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე სემინარის „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას წლების განმავლობაში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ეს პროცესი საქართველოსთვის.
„ეს არის არა არჩევანი, არამედ ერთადერთი სწორი გზა განვითარებისა და თავისუფლებისკენ. დღეს შევხვდით ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს - პედაგოგებს. ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას და ისინი არიან იმ ღირებულებების გამავრცელებლები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი საზოგადოება. პირადად ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, შევხვდეთ იმ პედაგოგებსაც, რომლებიც ცხოვრებენ და ასწავლიან მავთულხლართების სიახლოვეს მდებარე სოფლებში. ეს ადამიანები ორმაგად პატივსაცემი არიან, რამდენადაც ამ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიას ურთულეს პირობებში ემსახურებიან და თავისი საქმის მაღალპროფესიულად შესრულებას ახერხებენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე და აღნიშნა, რომ მთავარი ღირებულებები მშვიდობა და ადამიანის უფლებებია.
„ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ეს ღირებულებებია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ნატოს დღეების ფარგლებში, ორდღიანი სემინარი მასწავლებლებისთვის „ნატო -არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დღეს გაიხსნა. სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა გახსნეს.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ნატოს მიზნებისა და ამოცანების, კავკასიაში ნატოს როლის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ. ამჯერად სემინარში მონაწილეობენ მასწავლებლები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან და თბილისიდან.
პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით იმართება.