ქეთევან ციხელაშვილმა შვედ ხალხს მიუსამძიმრა

13 აპრილი 2017
ქეთევან ციხელაშვილმა სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის გამო  შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  მარტინა ქვიქს მიუსამძიმრა.  
„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუთანაგრძნობ შვედეთის სახელმწიფოს,  შვედ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე ჟამს. ერთად დგომა არის ის ძლიერი იარაღი  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც  არ მისცემს მას  საშუალებას  დათესოს შიში და წაგვართვას მომავლის იმედი“, ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის ჩანაწერში, რომელიც მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში დატოვა.
შვედეთის სამეფოს დედაქალაქში 7 აპრილს სატვირთო ავტომობილი სავაჭრო ცენტრში გამვლელებს დაეჯახა. დაღუპულია 4,  დაშავებულია 15 ადამიანი. მომხდარი შვედეთის მთავრობამ ტერაქტად შეაფასა.