ქეთევან ციხელაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა

21 აპრილი 2017
„ეს არის პირველი წლის ანგარიში ახალი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთვის „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის წარდგენისას.
სახელმწიფო მინისტრმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის აგვისტოში დაამტკიცა, ბევრ ახალ მიმართულებას მოიცავს. 
ღონისძიება გაიმართა საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიით და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მიმართულებით გაგრძელდა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება და თითოეული მიმართულებით აღინიშნება პროგრესი“ - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიზანს:
• თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში;
• თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექნა;
• ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება;
• ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა;
თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში
უკვე არსებულ პროექტებთან ერთად სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, წარმატებული პროგრამის, 1+4 ფარგლებში დაიწყო საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროექტი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სრულად იყო უზრუნველყოფილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორი და აქტიური მონაწილეობა.
მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიზნით საჯარო სკოლებში, სხვა მცირერიცხოვან ეთნიკურ უმცირესობათა ენებთან ერთად, პირველად დაინერგა ჩეჩნური ენის სწავლება, სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით კი აჭარაში გაიხსნა აფხაზური ენის კლასები.
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება
განათლების თითოეული საფეხური ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. უზრუნველყოფილია ასევე, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული).
2016-2017 აკადემიური წლისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა აფხაზურენოვანი ზოგადი უნარების ტესტი, რაც შესაძლებლობას აძლევს აფხაზურენოვან აბიტურიენტებს ჩაერთონ პროგრამაში და უკვე აფხაზურ ენაზე ჩააბარონ მისაღები გამოცდები გამარტივებული ფორმით.
ამასთან ერთად, აქტიურად გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის სწავლების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლების ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამაში წელს პირველად ჩაერთნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და ამ მიზნით ხორციელდება კომპლექსური პროგრამები და პროექტები განათლების ყველა საფეხურზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტრესებულ პირს.
მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე“ (18:00 და 20:00სთ) პარალელურ რეჟიმში მეორე არხის ეთერში ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის ხმოვანი ბილიკების თანხლებით გადაიცემა.
თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექნა
გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების და სოციალური დახმარების შესახებ. განხორციელდა გაზიფიკაციის, შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარე განათების რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა
გაგრძელდა სხვადასხვა პროგრამების/პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავდა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის დაცვა- განვითარებასა და პოპულარიზაციას.
ძირითად პრიორიტეტებთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ.