შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პროექტის „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“ ტრენერებს შეხვდა.
ტრენერებმა „ოჯახში ძალადობის“ თემაზე მიმდინარე პროექტის პირველი ფაზა სახელმწიფო მინისტრთან ერთად შეაჯამეს. მათ ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართული ტრენინგების მიმდინარეობაზე, მიღწეულ წარმატებებსა და გამოკვეთილ სირთულეებზე.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მობილური ჯგუფის წევრებმა სამი თვის განმავლობაში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტის 41 სოფელში 70 შეხვედრა ჩაატარეს და ინფორმაცია 2800 მოქალაქეს მიაწოდეს. ახალგაზრდა ტრენერები, რომლებმაც საგანგებო მომზადება გაიარეს, ადგილობრივებთან შეხვედრებზე განიხილავდნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა გენდერული სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობის გავლენა ბავშვებზე, ოჯახში ძალადობის ფორმები, ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, რეფერირების მექანიზმები - ცხელი ხაზი და სახელმწიფო სერვისები და სხვა. შეხვედრები სახელმწიფო ენასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეთათვის მშობლიურ ენაზეც მიმდინარეობდა.