შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციის წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების წარმომდგენელთა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც მისი ხელმძღვანელობით ჟენევის დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფი მუშაობს. კერძოდ, მან შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა ჰუმანიტარულ და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„დევნილების დაბრუნება რჩება ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღის წესრიგის მთავარ თემად. ჩვენ ასევე, ჟენევის დისკუსიების ყველა რაუნდზე მთელი სიმწვავით ვაყენებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, უკანონო დაკავებები, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვით გამოწვეული დამატებითი სირთულეები მოსახლეობისთვის, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, მიწებზე წვდომა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მუდმივად ვაყენებთ სოხუმისა და ცხინვალის იზოლატორებში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას და გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს. ჟენევის მომდევნო რაუნდზე ამ საკითხს აფხაზეთში დაკავებული მამა-შვილის როგავების გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატება. ამასთან, ჩვენ ყველა რაუნდზე ვაყენებთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯის საკითხს“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.
მან შერიგებისა და სამშვიდობო პროცესში ქალთა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
შეხვედრის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე, სუს-ისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა კი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, გაიმართა დისკუსია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვა.
შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.