ქეთევან ციხელაშვილი: „განათლებით უნდა გავარღვიოთ ის ხილული და უხილავი ბარიკადები, რომლებიც კონფლიქტმა, საზოგადოებების გახლეჩამ და მავთულხლართებმა შექმნა“

11 მაისი 2017
„განათლებით უნდა გავარღვიოთ ის ხილული და უხილავი ბარიკადები, რომლებიც კონფლიქტმა, საზოგადოებების გახლეჩამ და მავთულხლართებმა შექმნა,“- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის თემაზე გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობის შესახებ ქეთევან ციხელაშვილი ვიცეპრემიერ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრების, ფონდებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენი სამშვიდოო პოლიტიკის პრიორიტეტია, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომის გაფართოება და მეტი სარგებლის შეთავაზება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებაში ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. განათლებით უნდა გავარღვიოთ ის ხილული და უხილავი ბარიკადები, რომლებიც კონფლიქტმა, საზოგადოებების გახლეჩამ და მავთულხლართებმა შექმნა. ამ გზით უნდა შევუქმნათ გამყოფი ხაზის მორე მხარეს მყოფ ჩვენს მომავალ თაობას უკეთესი, თავისუფალი მომავლისა და განვითარების რეალური პერსპექტივა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
„ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების გამარტივებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის ეს არის ინსტრუმენტი, რომ მოხდეს ამ ადამიანების შემდგომი ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში და საერთაშორისო აქტივობებში და მათ ჩვენი დახმარებით მიიღონ დამატებითი სიკეთე, რაც იქნება სწორედ ჩვენი შემდგომი ურთიერთობის და საბოლოო ჯამში საქართველოს გაერთიანების საწინდარი“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.