„დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა მავთულხლართების ფრაგმენტებს ასეთ მუზეუმებში განვათავსებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა კასპში, „ოკუპაციის მუზეუმში“ გამართულ შეხვედრაზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ოკუპაციის მუზეუმში შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მან შეხვედრაზე მიმდინარე ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„აქედან რამდენიმე კილომეტრში გადის ოკუპანტის მიერ გავლებული მავთულხლართები. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც, ყველაზე უკეთ ესმით ამ მოვლენის სიმძიმე და ვისაც ოკუპაციასთან გამკლავება ყოველდღიურად უწევს. ოკუპაცია ქმნის არა მხოლოდ უსაფრთხოების რისკებს, არამედ უმძიმეს ჰუმანიტარულ გამოწვევებს, არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მავთულხლართების ორივე მხარეს. ამ ხელოვნური ბარიკადებით გაყოფილია ოჯახები, სოფლები, საზოგადოებები. ოკუპაცია არ ემსახურება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერსებს. ჩვენ, საქართველოს მთავრობა მშვიდობით, განვითარებით, განათლებით, უკეთესი მომავლის პერსპექტივით ვუპირისპირდებით ამ უხეშ ძალას. ჩვენი მწყობრი, მშვიდობიანი ნაბიჯებით დავძლევთ ოკუპაციას და მავთულხლართებს. თქვენთან ერთად, ასევე მშვიდობისმოყვარე, უკეთესი მომავლის მსურველ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ ხელოვნური ბარიკადებით არიან იზოლირებული, მივაღწევთ მიზანს - შერიგებას, ქვეყნის გამთლიანებას და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას. მე დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა მავთულხლართების ფრაგმენტებს ასეთ მუზეუმებში განვათავსებთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობაზე. გაიმართა დისკუსია. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრა პროექტის „არა ოკუპაციას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „მეგობრობის ხიდი - „ქართლოსი“ ახორციელებს.