შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში გაიმართება.
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია თავისი თემატიკით და იგი რუსთაველის 850 წლისთავს და მის უკვდავ პოემას - „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება. მცხეთასა და მთელ საქართველოში ღონისძიებები და კონცერტები ლოზუნგით- „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ მოეწყობა.
მცხეთაში გამართული კონცერტის მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიესალმება. დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით ფოლკლორული კონცერტი, რომელსაც კომპოზიტორი მანანა ალფაიძე გაუძღვება. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები სხვადასხვა ენაზე წაიკითხავენ ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“.
ხვალვე დასახელდებიან ესეების კონკურსის „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“ გამარჯვებულები. კონკურსი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საქართველოს გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ოთხ გამარჯვებულს ქეთევან ციხელაშვილი საჩუქრად პლანშეტებს და დიპლომებს გადასცემს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კონცერტის პარალელურად, ასევე მოეწყობა ბავშვებისთვის არტ-სივრცე და პატარებს ასფალტზე ხატვის სახალისო კონკურსი და საინტერესო პრიზები ელოდებათ.
საზეიმო ღონისძიება მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება.