„ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ და რა თქმა უნდა, ათიათასობით დევნილი ყოველდღიურად ზარალდება მოუგვარებელი კონფლიქტისაგან. ჩვენი ამოცანაა, მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი და დავიხსნათ მოსახლეობა მავთულხლართების იზოლაციისგან“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვლმა თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სახელმწიფო მინისტრმა სესიის მონაწილეებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გავაცანით არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანისთვის ქმნის ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი სახელმწიფოების და ზოგადად ნატოს მხარდაჭერა სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში, დღეს ასამბლეის წევრებს ასევე, გავაცანით ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები, კონკრეტული ინიციატივები და მიდგომები, რომლებსაც ვახორციელებთ: ჩვენი ამოცანა გახლავთ ერთის მხრივ, საქართველოს დეოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ, დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, ნდობის მშენებლობა, შერიგების პოლიტიკა და ასევე, ჩვენი მიდგომები, რაც უკავშირდება ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივებას და იმ სარგებელზე წვდომას, რომელც გამომდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობიდან“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობას: „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.“
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 მაისს დაიწყო და 29 მაისამდე გაგრძელდება. ოთხი დღის განმავლობაში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები იმართება. პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას.