ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, თანაბრად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“

4 ივნისი 2017
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, თანაბრად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაზე: „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენციას ვიცეპრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სწავლის შესაძლებლობის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავნიხილოთ შესაძლებლობები, რომლებიც დღეს არსებობს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, თანაბრად ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო სტანდარტებზე, ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული უმცირესობებისთვის სწავლის შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. ჩვენ გვაქვს სამოქალაქო თანსწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც ოთხ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას შორის ერთ-ერთი ხარისხიანი განათლება და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებაა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ განათლების ხელმისაწვდომობაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, როგორ გავაუმჯობესოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა’, - განაცხადა ქეთევან ციხლასვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი და გამოწვევა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს აქვს, უკავშირდება ვითარებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით აფხაზეთში, გალის რაიონში, სადაც მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა ფაქტობრივად, შეზღუდულია. სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს გეგმა იმისათვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება საქართველოს განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.