შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დემოკრატიული და საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, თემატური შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შეხვედრაზე პოლიტიკის განვითარება და კოორდინაცია, საჯარო სამსახურის რეფორმა და ადამიანური რესურსის მართვა, საჯარო ფინანსების მართვა, ანგარიშვალდებულება, ღია მმართველობა და ანტიკურუფციული ზომები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სახელმწიფო სერვისების მიწოდებასა და ბიზნესსახლის პროექტზე, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და შერიგების მიმართულებით.
პეტრე კანკავამ სამშვიდობო პროცესში დონორთა ჩართულობის, ნდობის აღდგენის პროექტების რაოდენობის გაზრდის, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და გაეროს კოორდინატორი ნილს სკოტი უძღვებოდნენ. თემატურ შეხვედრაში მონაწილება
მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით, ყოველწლიურად 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ეკონომიკურ ზრდას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას და დემოკრატიულ მმართველობას ეძღვნება.