შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გენდერის, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარ მრჩეველს მარა მარინაკის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობა, გადაადგილების თავისუფლებისა და უკანონო დაკავებების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საჭიროებებზე. მან სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ ნაბიჯებზე, მათ შორის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულად სამშვიდობო პროცესში, ისე ზოგადად - საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა და მათი ხელშეწყობა. განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების („ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე") განხორციელების მიზნით, საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. ხაზი გაესვა ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით საქართველოს მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირების მნიშვნელობას.