რაბათის ციხეზე მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა

18 ივნისი 2017
ახალციხეში, რაბათის ციხეზე მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებულ ფოლკლორულ კონცერტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების
ფოლკლორული კოლექტივები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე მიესალმა.

„ფესტივალისადმი წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება და ფართოვდება მისი არეალი. მიხარია, რომ ფესტივალი დღეს, აქ, ახალციხეში იმართება, მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამუსიკო სკოლების წარომადგენელი ახალგაზრდები.ფესტივალი წარმოადგენს მრავალფეროვნების ნამდვილ ზეიმს. აქვე მინდა გავაჟღერო ჩვენი უწყების დევიზი - „ჩვენი მრავალფეროვნება, ჩვენი სიმდიდრეა“, ჩვენ ეს უნდა ავსახოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დღეს, ეს ფესტივალი ამის კარგი და საამაყო გამოხატულებაა“, - აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

კონცერტს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროექტის ავტორი, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე უძღვებოდა. მონაწილეებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით საჩუქრები გადაეცეთ. ფესტივალი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის განყოფილების ორგანიზებით და USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალი ტრადიციულად ტარდება 2008 წლიდან და წლევანდელი კონცერტი მე-14 იყო.