ქეთევან ციხელაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

19 ივნისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩთან შეხვედრაზე კონფლიქტების მოგვარების საკითხისადმი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა. მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ურთიერთობებს, დიალოგისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ნაბიჯებს. სახელმწიფო მინისტრმა იოჰანეს დუმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე, გადაადგილების თავისუფლების პრობლემასა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

სახელმწიფო მინისტრმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.